ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და შპს „ქიუ ემ სს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სოფელ სილაურში 2 კილომეტრი სიგრძის კაპიტალური გზა მოეწყობა.
მემორანდუმის საგანს წარმოადგენს: საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტა.
კომპანიის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფარგლებში ქვიშა-ხრეშის მოპოვების სანაცვლოდ მუნიციპალიტეტმა შესაბამისი პირობები დაადგინა, კერძოდ, სილაურის, ბაილეთის, ჯუმათისა და კონჭკათის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა.
მემორანდუმის თანახმად კომპანია ოზურგეთის მერიასთან შეთანხმებით საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს: სოფელ სილაურში 2 კილომეტრი სიგრძის გზის მშენებლობას, საყანე ფართობებთან მდინარის გასწორხაზოვნების სამუშაოების ჩატარებას, 50 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწების დახვნა-დაფარცხვას, ბაილეთის ტერიტორიაზე 4 კილომეტრი ადგილობრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაციას, ჯუმათისა და კონჭკათის ტერიტორიებზე 20 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დამუშავებასა და გასწორხაზოვნების სამუშაოებს.
სამუშაოების საერთო ღირებულება 1 მილიონ ლარს შეადგენს.
#გურია #ოზურგეთი2020 #სილაურისგზისრეაბილიტაცია