დღეს, პროექტის ფარგლებში – „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში,“ ევროპის საბჭოს მმართველი კომიტეტის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, ოზურგეთის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ და საკრებულოს აპარატის უფროსმა ნანა თავდუმაძემ, კომიტეტის წევრებთან ერთად, თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს სამოქალაქო მონაწილეობის მეთოდოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე.
კომიტეტის წევრებმა ასევე მოისმინეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიღწევები, სამოქალაქო ჩართულობის პლატფორმებისა და წარმატებული მაგალითების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ ოზურგეთი განიხილება, როგორც ადგილობრივი რეფორმატორი, რომელიც იყენებს კარგი მმართველობისთვის ღია და გამჭვირვალე მექანიზმებს.
პროექტი ეფუძნება ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმას საქართველოსთვის (2020-2023 წწ), რომლის პრიორიტეტულ მიმართულებას ადგილობრივ დონეზე დემოკრატიის ხარისხის განმტკიცება წარმოადგენს. პროექტს ერთობლივად ახორციელებს დემოკრატიის გენერალური დირექტორატი, არჩევნების სამმართველო და მონაწილეობით დემოკრატია (DGII), ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი.