გიორგი ღურჯუმელიძე: „სოლიდარობის ფონდს PL საქართველოში“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს
ოზურგეთის მერის პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, „სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“ დირექტორს იუსტინა კუცუკის, ამავე ორგანიზაციის პროექტის „ფონდების მოძიების აკადემიის“ მონაწილეებს და „პროგრესის სახლის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს ოზურგეთსა და „სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“ სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ საკითხებზე. შეხვედრაზე ასევე მოხდა პროექტის იდეის გაცნობა და რა უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარა აკადემია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს.
აღსანიშნავია, რომ აკადემიაში ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები მონაწილეობენ, რომლებმაც კვალიფიკაცია აიმაღლეს დამოუკიდებლად საპროექტო განაცხადების მომზადებაში, დონორებთან წარდგენასა და დაფინანსების შემდეგ პროექტის ეფექტურ მართვაში.
შერჩეულმა მონაწილეებმა – საჯარო მოხელეებმა უკვე დაიწყეს მუშაობა საპროექტო წინადადებაზე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისთვის, ადგილობრივი განვითარების იდეები მრავალფეროვანია და მოიცავს სხვადასხვა თემას.