შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციულად ალილო გაიმართა ოზურგეთში. მსვლელობა სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო.
მეალილოეებს ადმინისტრაციის შენობასთან შეეგებნენ მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელები და მათ საშობაო ძღვენი გადასცეს.
“ქრისტეს შობას გილოცავთ, უდიდესი სიხარულის და სიყვარულის დღესასწაულს. საკრებულოს წევრები დიდი სიხარულით ვუერთდებით ალილოს ამ ლამაზ ტრადიციას და ოზურგეთიდან, სრულიად საქართველოს ვუსურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას.” – აღნიშნა ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ.
საქართველოში ალილოს ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს. დღესდღეობით ალილოს ზეიმობენ სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ. მსვლელობას სხვადსხვა ეკლესიის მრევლი უერთდება , მგალობლები ყველას ქრისტეშობას ულოცავენ. შეგროვილი შესაწირი კი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს გადაეცემა.