ოზურგეთში, ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატს და ლოტბარს ვარსკვლავი გაუხსნენ. ვარსკვლავის გახსნას გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„დღეს, ჩვენს ქალაქში ღვაწლმოსილი ლოტბარის და საამაყო ოზურგეთელის – ტრისტან სიხარულიძის ვარსკვლავი გაიხსნა. დიდია მისი დამსახურება ქართული ხალხური – გურული სიმღერების პოპულარიზაციაში, ჩვენი კულტურის დაცვასა და შენარჩუნებაში.
ოზურგეთის სახელით ვულოცავ ბატონ ტრისტანს! ჯანმრთელობას, მხნეობას და კიდევ ბევრ შემოქმედებით წელს ვუსურვებ!“ – აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
ღონისძიება ფოლკლორის ცენტრში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
ტრისტან სიხარულიძე არის ღირსების ორდენის კავალერი, ფოლკლორის ეროვნული პრემიის პირველი ლაურეატი, ასევე, მან მიიღო ხელოვნების ქურუმი. ფონდმა „ქართულმა გალობამ“ ის „ქართული ფოლკლორის მოამაგის“ ტიტულითა და სპეციალური პრემიით დააჯილდოვა.