საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ეგიდით, ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) სამუშაო შეხვედრაში, სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ხომერიკმა მიიღო მონაწილეობა.
ბრიუსელში გამართული სემინარი, აღნიშნული საბჭოს მიერ გასატარებელ ღონისძიებებზე მსჯელობას დაეთმო, რომლებიც 2023-2024 წლის სამოქმედო გეგმაში აისახება.
შეხვედრა რამდენიმე სესიად დაიყო, სადაც მონაწილეები, აუდიტორიის წინაშე, საკუთარ ქვეყნებში და მათ მუნიციპალიტეტებში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების საკითხებზე მოხსენებებით წარდგნენ.
ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა მუნიციპალიტეტებში არსებულ საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე, კერძოდ, ევროინტეგრაციის მიმართულებით რეკომენდაციების აღსრულებაზე და აღნიშნულ პროცესში CEMR-ის ჩართულობის როლზე, ასევე, მიგრაციის შემცირების მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე, მუნიციპალიტეტების გაძლიერების პროცესში LAG-ების როლზე, მწვანე შეთანხმებასა და გენდერული თანასწორობის შესახებ, ევროპული ქარტიის აღსრულების შესახებაც იმსჯელეს.