გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ევრორეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაცია ,,BUG-ის“ დელეგაციის წევრების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ოზურგეთში ვუმასპინძლეთ პოლონეთის დელეგაციას. პოზიტიური შეხვედრა გვქონდა, სადაც სამომავლო გეგმები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. ვისაუბრეთ გურიის ტურისტული პოტენციალისა და პერსპექტივების, ასევე ტურისტული ბრენდის სტრატეგიისა და ტურისტული პროდუქტების კონცეფციის შექმნის შესახებ.
მადლობას ვუხდი ქალაქ ხრუბიეშუვის მერს მარტა მაჟევსკას, ქალაქ ვლოდავას მერს ვისლავ მუზინსკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ასოციაცია ევრორეგიონი BUG-ის დირექტორს გალინა გრაბარჩუკის, პოლონეთი-აღმოსავლეთის თანამშრომლობის ცენტრის პრეზიდენტს ნატალია გმურკოვსკაიას ძლიერი მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის,“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
სამუშაო ვიზიტი განხორციელდა პროექტის „გურია – სიცოცხლის ზეიმი. გურიის ტურისტული ბრენდის სტრატეგიის შექმნა და განხორციელება“ (Guria – Celebrate Life. Development and implementation of the Guria brand strategy) ფარგლებში. ორწლიანი პროექტი ითვალისწინებს გურიის ტურისტული ბრენდის ხელშეწყობას გურიის მხარის მუნიციპალიტეტებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების, ტურისტულ ბიზნესში დასაქმებული პირებისა და დარგის სპეციალისტების ჩართულობით.