24 და 31 დეკემბერს ოზურგეთის მერია მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის საახალწლო ღონისძიებებს გამართავს – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მერიის სხდომაზე განაცხადა.
„ოზურგეთში ნაძვის ხე 24 დეკემბერს საზეიმოდ აინთება. მთელი გულით გიწვევთ და გელით ყველას ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, თეატრის მიმდებარედ 14:00 საათზე. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ოზურგეთის მერია და ჩვენი შესაბამისი სამსახურები თანამოქალაქეებისა და სტუმრებისთვის საინტერესო საახალწლო ღონისძიებებს გეგმავს: მოეწყობა საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა/გაყიდვა, საბავშვო-გასართობი სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადების მასტერკლასი, თამაშები, საბავშვო წარმოდგენები, ბავშვებს გაართობენ ზღაპრის გმირები და თოვლის ბაბუა. ასევე, გვექნება საჩუქრები თქვენი პატარებისთვის. ადგილობრივი შემსრულებლები გამართავენ საბავშვო კონცერტს; ღონისძიება დასრულდება ფოიერვერკით და გალა კონცერტით. გელით ყველას, ერთად ავანთოთ ოზურგეთის მთავარი ნაძვის ხე. რასაკვირველია საახალწლო ღონისძიებები ამით არ სრულდება ჩვენს მუნიციპალიტეტში.
ასევე, გაცნობებთ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება 29, 30 და 31 დეკემბერს სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, საახალწლო ბაზრობის მოწყობის მიზნით, საავტომობილო მოძრაობა შევზღუდოთ გურიის ქუჩაზე თაყაიშვილის ქუჩიდან ერისთავის ქუჩის კვეთამდე. კონტროლი წესრიგის დაცვაზე დაევალება „ოზურგეთის მუნიციპალურ ინსპექციას“, – განაცხადა ოზურგეთის მერმა.