„მოხარული ვარ, რომ წარმატებით განხორციელდა ჩვენი ინოვაციური პროექტი „Street Art-ი ოზურგეთისთვის“. ქალაქში უკვე რესტავრაცია ჩავუტარეთ და მოვაწესრიგეთ ძველი შენობები, ხოლო კედლები თემატური გრაფიკული ნახატებით დამშვენდა. ასეთი ნამუშევრები მერიის დაკვეთით შესრულდა მრავალბინიანი კორპუსების ფასადებზეც. სასიამოვნოა, რომ აღნიშნულ ინიციატივას საზოგადოების პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. გადავწყვიტეთ, რომ განვაგრძოთ ეს პროექტი“, – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.
ავთანდილ თალაკვაძემ დღეს გამართულ მერიის სხდომაზე ყურადღება ასევე გაამახვილა მოსახლეობასთან შეხვედრებზე, რომელიც მუნიციპალიტეტში ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობისა და ადგილობრივ მეწარმეთა მხარდაჭერის მიზნით იმართება.
„აღნიშნული პროექტების პარალელურად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ოზურგეთის ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობა და ადგილობრივ მეწარმეთა მხარდაჭერა. ამ მიზნით, ვატარებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან, რათა თითოეულ დაინტერესებულ ადამიანთან, პოტენციურ მეწარმესთან მივიტანოთ ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე, რომელსაც ახორციელებს „აწარმოე საქართველო“, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და სხვა. ვაკეთებთ გასვლით შეხვედრებს, სადაც საინვესტიციო პროექტების განყოფილების თანამშრომლები დეტალურ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას და კონსულტაციებს უწევენ დაინტერესებულ მოქალაქეებს. შეხვედრები უკვე გაიმართა 14 სოფელში და უწყვეტად გაგრძელდება მომდევნო პერიოდშიც“, – აღნიშნავს თალაკვაძე.