ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე ახალი პროექტები წარადგინა.
„ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის მიხედვით, გამოცხადდა ტენდერი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის (სისტემების) მოწყობისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო პროექტის შესამუშავებლად. ამ მიმართულებით 20 მლნ ლარის საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდება.
ტენდერი ასევე გამოცხადდა ოზურგეთში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, ნაპირდამცავი ან/და ნაპირსამაგრი ნაგებობების, სახიდე გადასასვლელების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, ასევე სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, რომელიც 20 მლნ ლარის სამუშაოებს ეხება.
ასევე, დავიწყეთ შენობების და საჯარო სივრცეების, სკვერების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის პროექტების მომზადება ჯამური მოცულობით 10 მლნ ლარზე. ეს პროექტები მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამართლიანად და ეფექტიანად გადანაწილდება“, – განაცხადა ოზურგეთის მერმა.