ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი

ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. თეატრის დიდ სცენაზე მაყურებელმა ნოდარ მაჭარაშვილის – ნოდარ დუმბაძის შვილიშვილის, რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ,,ავი მუსაიფი“ იხილა, რომლის რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია.

  

ფესტივალის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, გურიის მხარის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და თეატრის სფეროს წარმომადგენლები დასწრნენ.

სპექტაკლის შემდეგ მინისტრმა თეა წულუკიანმა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვასილ ჩიგოგიძემ „ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის“ დაფუძნების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის თანახმად, ფესტივალი ორ წელიწადში ერთხელ ქალაქ ოზურგეთში ჩატარდება და მასში მონაწილეობა შეეძლებათ საქართველოს, უცხო ქვეყნების, სხვადასხვა რეგიონის კულტურის სახლებთან ან სხვა გაერთიანებებთან არსებულ სამოყვარულო, სახალხო თეატრებს/დასებს; ფესტივალის დებულებით განსაზღვრულ სხვა სუბიექტებს. თავის მხრივ კი, სამინისტრო, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მერია ფესტივალის საორგანიზაციო, ლოჯისტიკურ თუ სხვა ხარჯებს დააფინანსებენ. შედეგად, ფესტივალი კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს.

  

„მოხარული ვარ, რომ ოზურგეთი კვლავ მასპინძლობს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს, რომელიც გამორჩეულია თავისი მასშტაბით და ყველა თაობის საყვარელი მწერლის, ნოდარ დუმბაძის სახელს ატარებს. ჩვენს თანამოქალაქეებს და სტუმრებს წინ ძალიან საინტერესო საღამოები ელით. ათი დღის განმავლობაში ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის უნიკალურ სივრცეში, ქართველი და უცხოური დასების მონაწილეობით მრავალფეროვან და საინტერესო სპექტაკლებს ვიხილავთ.

მინდა წარმატებები ვუსურვო ფესტივალის თითოეულ მონაწილეს! მადლობას ვუხდი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს და სამინისტროს გუნდს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრს, ფესტივალის ორგანიზატორებს და სპონსორებს, ასევე, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა ფესტივალის ორგანიზებაში!“- აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.

ფესტივალი საზეიმოდ 15 ივლისს დაიხურება. 18:00 საათზე ოზურგეთის თეატრის ფოიეში წიგნ-ალბომების: ,,ბეჟან ნაკაიძე“, „ამირან ქადეიშვილი“, „დონ კიხოტი ოზურგეთიდან – ვასილ ჩიგოგიძე“ და ,,ნოდარ დუმბაძე ქართულ სცენაზე“ პრეზენტაციები, ხოლო 19:00 საათზე, ოზურგეთის თეატრის 155-ე საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო, მონაწილეების დაჯილდოება და ფესტივალის საზეიმო დახურვა გაიმართება.

    

მსგავსი სტატიები