ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საკანონმდებლო, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
თეატრალური ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:
• საუკეთესო სცენოგრაფია – ვახტანგ ქორიძე (ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი; ერლომ ახვლედიანის „ვანო და ნიკო“, რეჟისორი მარიამ სიხარულიძე);
• საუკეთესო მსახიობი (ქალი) – თამარ მამულაშვილი (ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი; ნოდარ მაჭარაშვილის „ავი მუსაიფი“, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი);
• საუკეთესო მსახიობი (მამაკაცი) – ზვიად პაპუაშვილი (გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი; ნოდარ მაჭარაშვილის „ქეიფი სოლოლაკში“, რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე);
• ქართული მწერლობის საუკეთესო სცენური ინტერპრეტაცია – აზერბაიჯანის სახელწმიფო აკადემიური ეროვნული დრამატული თეატრი (გოდერძი ჩოხელის „წერილი ნაძვებს“, რეჟისორი ნიგარ გულაჰმადოვა);
• ნოდარ დუმბაძის საუკეთესო სცენური ინტერპრეტაცია – „კუკარაჩა“, რეჟისორი ბარზუ აბდურაზაკოვი (საბიტ მუკანოვის სახელობის ყაზახეთის სახელმწიფო მუსიკალური დრამატული თეატრი);
• საუკეთესო რეჟისურა – ბასა ჯანიკაშვილის „ომობანა“, რეჟისორი გაუხარ ადაი (კუდუს კუჟამიაროვის სახელობის იუგურული მუსიკალური კომედიის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, ყაზახეთი);
• გრან პრი, საუკეთესო სპექტაკლი – დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალი“ (თავისუფალი თეატრი, რეჟისორი გიორგი მარგველაშვილი).
• საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია გადასცა ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ვასილ ჩიგოგიძეს.
აღსანიშნავია, რომ თეატრალური ფესტივალის გახსნის დღეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ და ქ. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ ხელი მოაწერეს ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დაფუძნების მემორანდუმს. დოკუმენტის თანახმად, ფესტივალი ორ წელიწადში ერთხელ ქალაქ ოზურგეთში ჩატარდება და თანდათან უფრო მასშტაბური გახდება.
ფესტივალის დამფუძნებლები არიან კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერიები.