ოზურგეთის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიამ, დღეს, სხდომა ქალაქ ოზურგეთის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის სამუშაო გეგმის განხილვით დაიწყო. კომისიის ხელმძღვანელის ლავრენტი ბიგვავას განცხადებით, უმნიშვნელოვანესია ქ. ოზურგეთის განვითარების მიზნით, არსებობდეს ქალაქის განაშენიანების გეგმა. ყველანი ერთხმად ვთანხმდებით, რომ სივრცითი მოწყობის გეგმა უზრუნველყოფს ქალაქის გეგმაზომიერ განვითარებას, საკრებულომ სწორედ ამ მიზნით განაცხადა თანხმობა ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ცენტრი“-ს დაფუძნებაზე, რომლის მთავარ ვალდებულებას მსგავსი დოკუმენტის შექმნაზე მუშაობა წარმოადგენს. აღინიშნა, რომ წელს უკვე ა(ა)იპ-მა დაიწყო გენერალური გეგმის წინა მოსამზადებელი სამუშაოები. როგორც ა(ა)იპი-ს დირექტორმა გია სკამკოჩაიშვილმა განმარტა: დაწყებულია მონაცემთა ბაზის შექმნა, ქუჩების აზომვითი სამუშაოები, რაც მოამზადებს საფუძველს ქალაქის განაშენიანების გეგმის მომზადების. სამუშაო პროცესში დაგეგმილია ექსპერტების მოწვევაც. კომისიამ, აგრეთვე, განიხილა და შეაფასა 2019 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები. ინფორმაცია მიეწოდა კომისიის წევრებს შრომის ადმინისტრაციულ ერთეულსა და დაბა ურეკში უსახლო ქუჩების სახელდების შესახებ. ინიცირებული წინადადებების, შრომაში ნოდარ დუმბაძის, ხოლო ურეკში ზემო ურეკის ქუჩის სახელდებებზე, კონსულტაციები ადგილობრივ მოსახლეობასთან უახლოეს პერიოდში იგეგმება.