ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვების აღნიშვნით გაიხსნა. „ ვულოცავ ჩვენს ქვეყანას და თითოეულ თქვენგანს ამ ისტორიული გამარჯვებას“ -აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ და დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი, საკრებულოს თავმჯდომარის 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა საკრებულოს.
საკრებულოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საანგარიშო პერიოდში საკრებულოს მიერ მიღებულ და ინიცირებულ საკითხებზე. ასევე, ისაუბრა იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე, რომლებიც 2023 წელს განხორციელდა მუნიციპალიტეტში.
,,აღნიშნული საანგარიშო პერიოდი, მკვეთრად გამორჩეული წელი იყო განხორციელებული ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების სიმრავლით.
გასული წლის ბიუჯეტის მოცულობამ 81.1 მილიონ ლარს მიაღწია, ფაქტობრივმა შესრულებამ კი – 72 მილიონ ლარზე მეტს. აღნიშნული მაჩვენებელი ისტორიული მიჯნაა, რომელიც მომავალში უფრო გაიზრდება. გაზრდილი ბიუჯეტი კი ნიშნავს ბევრ ახალ პროექტს ოზურგეთისთვის.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების ანალიზი დამაჯერებლად ადასტურებს, რომ მმართველი პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ არის ის ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას და საქართველოს ევროპულ მომავალს. აღნიშნულს ნათლად და უპირობოდ ადასტურებს ქვეყნისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ფაქტი.“ – აღნიშნა დავით დარჩიამ.