საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ეგიდით, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთა და თვითმმართველობათა კონფერენციის (CORLEAP) წევრებმა, მათ შორის ოზურგეთის საკრებულოს წევრმა მარიკა ჩხიკვიშვილმა, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი ლიდერების მეორე ფორუმში მიიღეს მონაწილეობა.
ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის სამომავლო გეგმების განხილვას დაეთმო, მწვანე პოლიტიკის იმპლემენტაციაზე, ასევე რეფორმებზე და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევის გამოწვევებზე იმსჯელეს.
სადისკუსიო პანელი მარიკა ჩხიკვიშვილმა, ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) გენერალურ მდივანთან და ქალაქ რიგის მერთან ერთად გახსნა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის დიალოგის წარმართვასა და გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს.
მარიკა ჩხიკვიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დეცენტრალიზაციის 2020−2025 წლების სტრატეგია გააცნო და მისი შემუშავების პროცესში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ჩართულობას გაუსვა ხაზი. მისი განცხადებით, ათეა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებათა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების პლათფორმას წარმოადგენს, რაც კიდევ უფრო ეფექტიანს ხდის ადგილობრივ განვითარებას.
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებაზე და ამ მიმართულებით სხვადასხვა ინოვაციური მექანიზმები დაინერგა, თუმცა არ შემიძლია არ გამოვყო გენდერული პოლიტიკა, რომლის განვითარებაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. მე წარმოვადგენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, რომელიც აქტიურად მუშაობს აღნიშნული მიმართულებების გაძლიერებაზე. ქალების დასაქმება თვითმმართველობაში მმართველ პოზიციებზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გენდერული ზეგავლენის ანალიზი და ქალების გაძლიერება ეკონომიკაში- ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლითაც გენდერული საბჭო ხელმძღვანელობს“,- განაცხადა მარიკა ჩხიკვიშვილმა და დამსწრე საზოგადოებას აღნიშნული მიმართულებით მუნიციპალიტეტში განხორციელებული ღონისძიებები გაუზიარა.
ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი ლიდერების ფორუმი მეორედ ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნულ შეხვედრებზე გამართული დისკუსიების საფუძველზე მომზადდება ერთობლივი დეკლარაცია, რომელსაც 2021 წლის მარტში დაგეგმილ აღნმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე განიხილავენ.