საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), აღმოსავლეთ პარტნიორობის ორდღიან სემინარს – “გენდერული თანასწორობის დიალოგის გაძლიერება და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა საქართველოში – მიღწევები, გამოწვევები და შესაძლებლობები” მასპინძლობს.
სამუშაო შეხვედრა, რომელიც რამდენიმე სესიად დაიყო, PLATFORMA-ს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში იმართება და მისი მიზანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მონიტორინგი გაუწიოს დეცენტრალიზაციისა და ადმინისტრაციული რეფორმების, აგრეთვე პოლიტიკური დიალოგის წარმართვის პროცესს ცენტრალურ ხელისუფლებასა და ევროპულ ინსტიტუტებთან. პროგრამა ასევე ითვალისწინებს მოიძიოს დეცენტრალიზაციის თანამშრომლობისა და დაფინანსების შესაძლებლობები.
სემინარის პირველი დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა მარიკა ჩხიკვიშვილმა, აგრეთვე თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მოკლე პრეზენტაციები წარმოადგინეს, რომლებიც ევროპულ ქარტიასთან მიერთების პერსპექტივებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზე მსჯელობას დაეთმო. მომდევნო ორი საათის განმავლობაში კი, სემინარის მონაწილეებმა სამუშაო ფორმატში გადაინაცვლეს და თანასწორობის ქარტიის ფარგლებში განსახორციელებელ გეგმებსა და გზამკვლევზე იმსჯელეს.
შემდეგი სესია ადგილობრივ დონეზე გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ ელექტრონული კურსის პრეზენტაციას დაეთმო, რომელიც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და თვითმმართველობათა ასოციაციებისთვის NALAS -ის გენდერული თანასწორობის ექსპერტმა – სემრა ამეტიმ წარადგინა.
დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე, ასევე, მოეწყო პრეზენტაცია, რომელიც NALAS – ის რეგიონული დეცენტრალიზაციის სადამკვირვებლო (RDO) ინდექსის მონიტორინგის ინსტრუმენტად წარმოჩენასა და მისი გამოყენებით დეცენტრალიზაციის მაჩვენებლისა და ადგილობრივი მმართველობის ხარისხის ოთხი კრიტერიუმით – ადგილობრივი თვითმმართველობების ავტონომიის, მონაწილეობისა და ანგარიშგების, ასევე ადგილობრივი მომსახურების ხარისხისა და მთავრობათაშორისი დიალოგის შეფასებას შეეხებოდა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სემინარი 19 თებერვალს პანელური დისკუსიების ფორმატში გაგრძელდება, სამუშაო შეხვედრის ბოლოს კი, აღნიშნულ სემინარს ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორი – დავით მელუა და PLATFORMA-ის აღმასრულებელი მრჩეველი – ბორის ტონჰაუზერი შეაჯამებენ.
ღონისძიება ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილებები და მოამზადონ რეკომენდაციები ევროპული ინსტიტუტების საყურადღებოდ, რომლის საბოლოო მიზანსაც ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერა და გაძლიერება წარმოადგენს.
ფართომასშტაბიან ღონისძიებას, რომელიც სასტუმროში ,,ჰოლიდეი ინნ თბილისი“ მოეწყო, სემინარის ორგანიზატორებთან ერთად, საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, კერძოდ, უკრაინისა და მოლდოვის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ორდღიანი სემინარი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, ასევე, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციების ქსელის (NALAS) მხარდაჭერით ხორციელდება.