ლიხაურის ციხე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მდებარეობს. იგი სავარაუდოდ XIV-XVI საუკუნეებში უნდა იყოს აგებული. 1774 წელს ლიხაურის ციხე თურქებმა აიღეს, ასკანის ციხესა და ბუკისციხესთან ერთად, თუმცა ის იმავე წელს დაიბრუნეს მამია IV გურიელმა და სოლომონ I-მა. რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, როდესაც კარლ ჰესსე გურიაში შევიდა, ლიხაურის ციხეს შეაფარა თავი სოფიო გურიელმა. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ ზემო აჭარის მმართველი ახმედ ბეგი სოფიო გურიელს ასკანისა და ლიხაურის გადაცემას უბრძანებდა, სოფიო გურიელი პასუხად წერს: “ამ ორი ციხის გაცემა მე არ შემიძლიან: ერთშიდ სრულებით ჩემი საცხოვრებელი რაც არის, იქ მიწყვია და მეორეშიდ ჩემი ბავშვები მყავს”. თედო სახოკიას ცნობით, რომელიც 1896 წელს იმყოფებოდა ლიხაურში, ციხეში რუსული სამხედრო ნაწილი იყო განლაგებული. XIX საუკუნეში ლიხაურის ციხეს ფირალები აფარებდნენ თავს. სხვადასხვა დროს ციხე მოინახულეს და აღწერეს დიუბუა დე მონპერემ, დიმიტრი ბაქრაძემ და თედო სახოკიამ. ლიხაურის ციხე ასევე აღწერილი აქვს ექვთიმე თაყაიშვილს, რომელიც წარმოშობით სოფელ ლიხაურიდან იყო.
ლიხაურის ციხე გეგმაში სწორკუთხა ფორმის ნაგებობას წარმოადგენს, რომლის გალავანში ჩართულია სამი სხვადასხვა ზომისა და ფორმის კოშკი. ჩრდილოეთის კოშკი სწორკუთხაა და ზევითკენ მცირედით ვიწროვდება. იგი ოთხსართულიანია და მისი პირველი სართულ ციხის მთავარი კარიბჭეა. კოშკის პირველ სართულს ქვის თაღოვანი გადახურვა აქვს. როგორც ჩანს, მეორე და მესამე სართულები საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო, მეოთხე კი – საბრძოლო. მეორე და მეოთხე სართულებზე კედლებში სათოფურებია დატანებული. გალავნის დასავლეთ ნაწილში ზურგიანი საბრძოლო კოშკი დგას, რომლის ზურგი გალავნის გარეთ გადის. ნაგებობას ეზოს მხრიდან კონტრფორსი აქვს მიდგმული. კოშკის პირველი სართული ყრუა, შესასვლელი კი მეორე სართულზეა მოწყობილი. კედლებში სათოფურებია ჩართული. გალავნის აღმოსავლეთ ნაწილშიც ოთხსართულიანი ტრაპეციის ფორმის კოშკია. შესასვლელი აქაც მეორე სართულზეა, პირველი სართული კი ყრუა. კოშკის მეორე და მესამე სართული საცხოვრებელია, მეოთხე კი საბრძოლო ბანი უნდა ყოფილიყო. კედლებში მცირე ზომის თაღჩები და სათოფურებია დატანებული. კოშკის ჩრდილოეთით, გალავანზე მიდგმული ნაგებობის ნაშთია, რომლისგანაც დღესდღეობით კედელზე მიდგმული ორთაღიანი კედლის ნაშთია შემორჩენილი. გალავანს ზედა ნაწილში საბრძოლო ბილიკი გასდევს. ციხის ეზოში გვხვდება ჭა. სიმაგრის სამხრეთ ნაწილში ქვითკირით გადახურული ნაგებობაა, რომლის დანიშნულება დაზუსტებული არ არის. ლიხაურის ციხე ნაგებია რიყის, ბაზალტისა და ქვიშაქვის ნაწილობრივ დამუშავებული ქვებით კირის დუღაბზე.