კურორტი ურეკი გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 4 მეტრზე. იგი ერთ-ერთი პოპულარული ზღვისპირა კურორტია, რომელიც მრავალ დამსვენებელს იზიდავს. მოლივლივე ლურჯი ზღვა, ქვიშიანი სანაპიროები, კეთილოწყობილი სასტუმროები და მწვანე ფიჭვნარი შესანიშნავ გარემოს ქმნის ზღვისპირა დასვენების მოყვარულთათვის. ურეკი ზღვისპირა კლიმატური კურორტია. აქ ზღვის სუბტროპიკული ჰავაა, თბილი, უთოვლო ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 14,5°C, იანვრისა – 5,8°C, ივლისისა კი – 22,6°C. კურორტი გამორჩეულია სამკურნალო თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშით. ზღვის სიღრმე დიდ მანძილზე მცირეა, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია თუკი ბავშვებთან ერთად ისვენებთ.
#ურეკი