გომის მთა

გომისმთა წარმოადგენს საზაფხულო, მაღალმთიან კურორტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მისი სიმაღლე სხვადასხვა ადგილას ზღვის დონიდან 2100 მეტრიდან 2755 მეტრამდე მერყეობს. კურორტი გამორჩეულია სამკურნალო თვისებების მქონე ბუნებრივ-კლიმატური პირობებით, რასაც ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმა განაპირობებს. გომისმთა ცნობილია, როგორც ღრუბლებისა და ნისლების სამეფო, რაც გამოწვეულია აქაური სპეციფიკური ჰავით. დამსვენებლები და მოგზაურები კურორტს ხშირად სწორედ ამ მიზეზით სტუმრობენ. თუკი შემაღლებულ გორაზე ახვალთ, თქვენ წინ გადაიშლება მზით მოფენილი, უსასრულო მთათა წყებაში ჩაფენილი ნისლები. ღრუბლების ზღვაში ჩამავალი მზე თუ ნისლებში მზის ამოსვლა ისეთ წარმტაც და დაუვიწყარ სანახაობას ქმნის, რომლის გადმოცემაც არც სიტყვებითაა შესაძლებელი და არც ფოტოკამერით. ეს ყველაფერი საკუთარი თვალით უნდა ნახოთ. თუკი გომისმთას ეწვევით შეგიძლიათ ჭინჭაოს ტბაც მოინახულოთ, რომელიც ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს. კურორტიდან ტბამდე მანძილი 11 კმ-ია. ტბამდე მიდის სამანქანო გზა, რომელზე გადაადგილებაც მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა შესაძლებელი.

გომისმთა გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის ტყეებით, მდიდარია მინერალური წყლებითა და სხვა ბუნებრივი რესურსებით. საკურორტო სეზონი, ისევე როგორც ბახმაროში, მხოლოდ ზაფხულის სამი თვის განმავლობაში გრძელდება. ზამთარი გომისმთაზე უხვთოვლიანია და ცივი, ზაფხული ზომიერად გრილი. კურორტზე არ არის მოწყობილი ინფრასტრუქტურა, არ არის ელექტრომომარაგება და წყალგაყვანილობის სისტება. ადგილობრივები წყალს მთის წყაროებიდან იღებენ. ეს არის მიზეზი გომისმთის კოტეჯებში, ხშირ შემთხვევაში, სველი წერტილების არარსებობისა. გომისმთაზე, ბახმაროს მსგავსად, პოპულარულია ტიპური ხის სააგარაკო სახლები, რომლის დაქირავებაც შესაძლებელია. კურორტზე ამ ეტაპზე, არ არის სასტუმრო, მაღაზიები, აფთიაქი, ბავშვთა გასართობი პარკი, კაფე ან სხვა გართობის საშუალება. იმ შემთხვევაში თუ აქ დასვენებას გადაწყვეტთ, საჭიროა ყველაფერი თან წაიღოთ და ცივილიზაციისგან მოწყვეტილმა, სიმშვიდეში, სუფთა ჰაერზე, ბუნებაში გაატაროთ დრო. აგვისტოში (რიცხვი ყოველწლიურად ცვალებადია) კურორტზე იმართება დღესასწაული „გომისმთობა“. ეწყობა სხვადასხვა სპორტული შეჯიბრი და იმართება დოღი. კურორტის ერთგვარ ტრადიციას წარმოადგენს ასევე საღამოობით კოცონი და მის გარშემო შეკრება, სიმღერა და მხიარულება. გომისმთა ასევე საზაფხულო სოფელსაც წარმოადგენს, სადაც უმეტესწილად აჭარიდან ამოსულ მწყემსებს ამოჰყავთ ნახირი საზაფხულო საძოვრებზე და ამზადებენ ნატურალურ რძის პროდუქტებს, რომლთა შეძენაც შესაძლებელია.

#გომისმთა

მსგავსი სტატიები