დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ოზურგეთში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და საკრებულოს წევრებს შეხვდა.
„დღეს, ბატონ ამირანთან ერთად, დავგეგმეთ ვაქცინაციის კამპანიის მომდევნო ეტაპი და განვიხილეთ პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად აქტიური გავხადოთ აღნიშნული კამპანია, რადგან ვაქცინაცია არის პანდემიის დასრულების ერთადერთი შესაძლებლობა!“ – აღნიშნა, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.
„ოზურგეთი არის ერთ-ერთი სამოდელო მუნიციპალიტეტი, სადაც გვინდა, საერთო ძალისხმევით, ვაქცინაციით მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა მოვიცვათ. სამოდელოდ, მოგეხსენებათ, შევარჩიეთ გურჯაანი და ოზურგეთი გარკვეული მიზეზების გამო. იმიტომ, რომ ორივეგან ახლადარჩეული მერები გახლავთ ჯანდაცვის სისტემაში გამოცდილები. იციან ჯანდაცვის პრობლემები და კარგად იციან პანდემიის გამოწვევები.
ბატონ ავთანდილთან ერთად ვგეგმავ და გვაქვს სპეციალური მიკროდაგეგმარება ოზურგეთისთვის – თუ როგორ უნდა მოხდეს სოფლებში მეტი წახალისება, მეტი მუშაობა რწმუნებულების და სოფლის ექიმების საშუალებით, რათა მოსახლეობასთან გვქონდეს მაქსიმალური მოცვა. ანუ პირველ ეტაპზე გავიდეთ 60%-იან მოცვაზე და შემდეგში კიდევ უფრო ავწიოთ. მსგავსი შეხვედრები კიდევ ერთი დამატებითი სტიმულია, დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ აცრის გარეშე ჩვენ ეპიდემიას ვერ დავამარცხებთ,“ – განაცხადა, ამირან გამყრელიძემ.