საშობაო „ალილო“ ოზურგეთში

დღეს, შობის დღესასწაულზე, ოზურგეთში ტრადიციული საშობაო „ალილო“ გაიმართა. სადღესასწაულო მსვლელობა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო.

მსვლელობას, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და საკრებულოს დეპუტატები ადმინისტრაციის შენობასთან შეუერთდნენ. სასულიერო პირებს სადღესასწაულო საჩუქრები და პროდუქტები გადასცეს.

წელს, ოზურგეთში „ალილო“ განსხვავებული სახით ჩატარდა, პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით. შეგროვებული შემოწირულობები ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და შეჭირვებულ ოჯახებს დაურიგდება.

შეგახსენებთ, რომ 2000 წლიდან 7 იანვარს ქრისტეშობის დღესასწაულზე მთელ საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა – „ალილო“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ტარდება.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი