დედაენის დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, პირველ საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.
დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სხვადასხვა პრეზენტაცია და მხატვრული ნომრები წარმოადგინეს.
აღნიშნული თარიღი 1978 წლის 14 აპრილის დრამატულ მოვლენებს უკავშირდება, რა დროსაც რუსთაველის გამზირზე გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
სტუდენტური მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. 1990 წლიდან, ყოველი წლის 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.