ოზურგეთის ტექნოპარკში, პროექტის – ,,გურიის ეროვნული პარკის შექმნა“ ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსი გაიმართა, რომელსაც საქართველოში შვედეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ერიკ ილესი, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე დაესწრნენ.
კონკურსში, სადაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 6 თემის (ლიხაური, მაკვანეთი, შემოქმედი, ცხემლისხიდი, ვაკიჯვარი, მთისპირი) ადგილობრივი მეწარმეები მონაწილეობდნენ, სოფელ მაკვანეთის პროექტმა – „გოგიეთის ჩანჩქერი – ოჩენჩქირი“ გაიმარჯვა. საგრანტო ფონდის ბიუჯეტი 18 000 ევროს შეადგენს.
პროექტი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.