ტექნოპარკში საგანმანათლებლო კონკურსი – „ბიობლიცი“ გაიმართა, რომელშიც ოზურგეთის სოფლების – მთისპირის, ლიხაურისა და ცხემლისხიდის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა გაიმარჯვეს.
პირველ ეტაპზე, ჩატარდა გასვლითი ღონისძიება, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ ახლოდან გაცნობოდნენ რეგიონის ბიომრავალფეროვნებას; მოესმინათ ინფორმაცია გურიის ეროვნული პარკის გეგმარებით ტერიტორიაზე არსებული იშვიათი და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების და მათი დაცვის მნიშვნელობის შესახებ.
დასკვნით შეხვედრაზე, კონკურსის მონაწილეებმა ჟიურის წევრებს და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს იშვიათი ფლორისა და ფაუნის შესახებ მომზადებული ნაშრომები, სადაც გამარჯვებულ გუნდებს, შვედეთის ელჩმა ულრიკ თიდესტრომმა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის დირექტორმა გიორგი სანადირაძემ ჯილდოები გადასცეს.
ღონისძიებას ოზურგეთის მერის მოადგილეები – გიორგი ღურჯუმელიძე, ნათია გოლიაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონკურსი გურიის ეროვნული პარკის დაარსების პროექტის ფარგლებში ჩატარდა და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია პროგრამის შესახებ ადგილობრივი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და მომავალში მათი ჩართულობის გაზრდა.
პროექტს “გურიის ეროვნული პარკის დაარსება” ახორციელებს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან მჭირდო თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.