გურიის რეგიონში ეროვნული პარკი იქმნება – ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული კვლევებისა და მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, გურიის ეროვნული პარკის საბოლოო საზღვრები მოინიშნა.
პარკის შექმნის შესახებ კანონპროექტი საჯარო განხილვის ფორმატში მოსახლეობას ოზურგეთის ტექნოპარკში წარედგინა. გურიაში ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა მხარის ადმინისტრაციის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ინიციატივით ხორციელდება.
კანონპროექტის საჯარო განხილვაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
აღსანიშნია, რომ 2019 წლიდან კვლევები ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) თბილისის ოფისის მიერ, შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა – შეფასდა გურიის უნიკალური ბუნებრივი რესურსები, ეკოსისტემები, განხორციელდა საქართველოს და საერთაშორისო წითელი ნუსხის, CITES კონვენციით დაცული და ენდემური მცენარეთა სახეობები, ტყის და მდელოების ტიპები და მათი ეკოლოგიური მდგომარეობა, ჩატარდა ზოოლოგიური კვლევები, ასევე, ტურიზმის განვითარების პოტენციალის შეფასება.
გურიაში ეროვნული პარკის შექმნა ხელს შეუწყობს უნიკალური ეკოსისტემების და ბიომრავალფეროვნების დაცვას, რეგიონის ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის და რეგიონის მდგრად განვითარებას და შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.