რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გასვლითი საკომიტეტო სხდომა გამართა.
„კომიტეტის სხდომაზე დეტალურად განვიხილეთ დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობა მუნიციპალიტეტებში, რომელიც შეეხებოდა საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების, გაზიფიკაციის, განათლების, ტურიზმისა და სპორტული კომპლექსების, ასევე, კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის საკითხებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად შევაფასეთ განხორციელებული პროექტები და ვისაუბრეთ იმ საჭიროებებზე, რაც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის გამოწვევებს წარმოადგენს.
მადლობას ვუხდი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ოზურგეთში ჩატარებული ნაყოფიერი შეხვედრისა და მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
სხდომას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, კომიტეტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, საკრებულოს თავმჯდომარეები და სამივე მუნიციპალიტეტის მერი.