შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში პროექტ ჩაის გზის ფარგლებში ფესტივალი ჩატარდა. გურიის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებიდან, 52-მდე ჩაის მწარმოებელს და საოჯახო მეურნეობების წარმომადგენელს საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციის შესაძლებლობა მიეცა.
ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ თაფლი, ჩირი, ღვინო და სხვა პროდუქტები. გაიმართა მასტერკლასები, ფოტოგამოფენა და შეჯიბრი მეწარმეებს შორის. ასევე, გამოვლინდა საუკეთესო ჩაის მფლობელი, რომელსაც სიგელი და პრიზი გადაეცა. ანსამბლ „გურიას“ მიერ შესრულდა გურული ცეკვები, ღონისძიება მუსიკალურად DJ გააფორმა.
ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მოწვეული სტუმრები და მოქალაქეები დაესწრნენ.
„მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, შიდა ტურიზმისა და ჩაის დარგის განვითარება ჩვენი მთავარი საზრუნავია და ამ მიმართულებით, ოზურგეთის მერია აქტიურად იმუშავებს შემდეგი წლების განმავლობაში. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას ( GIZ ), ჩაის მწარმოებელთა ასოციაციას და მუსიკოსთა პარკს მხარდაჭერისთვის! მადლობა ჩვენს თანამოქალაქეებს, ტურისტებს და ადგილობრივ მეწარმეებს, ჩაის ფესტივალში მონაწილეობისა და დასწრებისთვის!“- აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.