დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა.
ეროვნული გმირის საფლავი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და მერის მოადგილემ ნათია გოლიაძემ ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
სასულიერო პირებმა გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.
ზაზა დამენია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1992 წლიდან მსახურობდა. 2002 წლიდან, მან სამხედრო სამსახური მე-11 მექანიზებული ბრიგადის მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „კომანდოს“ რიგებში გააგრძელა. 2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დაწყებასთან ერთად, ქართული სოფლების დასაცავად გაიგზავნა და 16 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებებს შეეწირა, იგი საკუთარი სიცოცხლის ფასად სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას გადაეფარა და სამი თანამებრძოლის სიცოცხლე გადაარჩინა.
„სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის,“ 2004 წლის 24 აგვისტოს, ზაზა დამენიას საქართველოს ეროვნული გმირის უმაღლესი სახელმწიფო წოდება მიენიჭა.