ოზურგეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის – „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა ჩატარდა.
ღონისძიებას დაესწრნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლევან ხარაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიაში გიორგი ურუშაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების ხელმძღვანელი პირები.
ღონისძიებაზე მისულ ყველა სტუმარს საშუალება ჰქონდათ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის, სასაზღვრო პოლიციის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ სივრცეებში, გაცნობოდა აღნიშნული დანაყოფების საქმიანობას.
სტუმრებმა ასევე, დაათვალიერეს მათი აღჭურვილობა და სპეცტექნიკა. ღონისძიებაზე მისულ ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა.