მომავალი წლიდან ვგეგმავთ ოზურგეთში ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე ქალბატონებისთვის მედიკამენტების (ჰერცეპტინი, პერჯეტა, ლაპატინი) თანადაფინანსებას, ეს პროგრამა მკვეთრად დაეხმარება ქალბატონებს დაავადებასთან ბრძოლაში და აგრძნობინეს მათ რომ კიბო განაჩენი არ არის და ისინი მარტო არ არიან. წყალმომარაგების სისტემების და შიდა გზების კეთილმოწყობისთვის დავხარჯავთ 3 000 000 ლარზე მეტს. უპატრონო ცხოველების მოვლისთვის დავხარჯავთ 90,000 ლარს. სპორტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განახლებისთვის დავხარჯავთ 500 000 ლარზე მეტს. საბინაო საკითხების მოსაგვარებლად დავხარჯავთ 300 000 ლარს ადგილობრივი ბიუჯეტიდან. საბავშვო ბაღებში პერსონალის ხელფასების გასაზრდელად დავხარჯავთ 1 260 000 ლარს. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამების დაფინანსებისთვის დავხარჯავთ 180 000 ლარს,- განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის სხდომაზე.
მისივე თქმით მთავრობასთან ერთად, 2023 წელს იგეგმება ოზურგეთისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, როგორიც არის არსებული სკოლების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა. დაიწყო ახალი პროექტი „ოზურგეთის ახალი სიცოცხლე“, რომელიც გულისხმობს ოზურგეთის სივრცითი და ინფრასტრუქტურული განვითარების პროცესში, ახალი თაობის არქიტექტორების, ურბანისტების და დიზაინერების ჩართვას.
ამ მიზნით, ხელი მოეწერა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ქალაქის იერსახის განახლების მიზნით დაიწყო პროექტი „street art“, ქალაქში არაერთ ლოკაციაზე შესრულდა გრაფიკული ნახატები, საზოგადოების მხრიდან პოზიტიური გამოხმაურებები მოჰყვა, ეს პროექტი 2023-შიც გაგრძელდება.
„მინდა ოზურგეთის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და მთავრობას, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს და ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატს.
განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ ოზურგეთის მერიის სამსახურები, დაქვემდებარებული ორაგნიზაციები და მათი ხელმძღვანელები, მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ჩვენი მუნიციპალიტეტის განახლების და განვითარების საქმეში, ვინც ზრუნავდა თანამოქალაქეებზე და პირუთვნელად ასრულებდა თავის მოვალეობას. აუცილებლად პირადადაც გადაგიხდით მადლობას. მადლობა საკრებულოს თავმჯდომარეს და ჩვენს გუნდს საკრებულოში საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისათვის. მადლობა სახელმწიფო რწმუნებულს გურიის მხარეში და მის გუნდს მხარდაჭერისთვის,“- განაცხადა, ოზურგეთის მერმა.