ოზურგეთის მერის მოადგილე ნათია გოლიაძე დღეს ლაზიკამედის აკადემიაში იმყოფებოდა. მან ცენტრში არსებული სხვადასხვა თერაპიის ოთახი დაათვალიერა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების საჭიროებებზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
მერის მოადგილე ასევე გაესაუბრა ადგილზე მისულ მოქალაქეებს და სპეციალისტებს: ექიმ-ფსიქიატრს, ფსიქოლოგს, ბავშვთა ნევროლოგს, რომლებიც ოზურგეთში სპეციალური მოწვევით იმყოფებიან.
ვიზიტის ფარგლებში მედიკოსებმა ჩაატარეს სხვადასხვა კონსულტაცია: ექიმ-ფსიქიატრთან შეხვედრის საფუძველზე განისაზღვრა აუტიზმის კვლევის საჭიროება. ასევე, შეფასება განხორციელდა ADOS-2 აუტიზმის ინსტრუმენტის გამოყენებით. მოხდა პაციენტთა დიაგნოსტირება და გაიცა შემდგომი თერაპიების შესახებ რეკომენდაციები.
აღნიშნული ცენტრი აუტისტური სპექტრისა და განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვებს ემსახურება. შეგახსენებთ, რომ ოზურგეთში 2023 წლის 1 იანვრიდან სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელება დაიწყო.
ოზურგეთის მერიამ წელს, აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამის დაფინანსება არსებითად გაზარდა და 180 000 ლარით აფინანსებს.