ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია იწყება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იწყება ახალი საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია.

„ოზურგეთის განვითარებისთვის ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ სოციალური ინფრასტრუქტურის განახლება, ჩვენი მოქალაქეებისთვის კომფორტული საცხოვრებელი და სამუშაო პირობების შექმნა. განვაგრძობთ ამ მიმართულებით მუშაობას და ამჯერად ვიწყებთ ოზურგეთის მასშტაბით ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობას.

პირველ ეტაპზე, ტენდერი გამოცხადდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში 4 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე – მთისპირში, ძიმითში, ბოხვაურსა და მაკვანეთში. თითოეული საბავშვო ბაღი გათვლილია საშუალოდ 50 ბავშვზე და პროექტების ჯამური ღირებულება შეადგენს 5 164 986 ლარს. ასევე უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ქალაქ ოზურგეთის მე-8 საბავშვო ბაღი, გურიანთის, მერიის და შრომის საბავშვო ბაღების მშენებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მუნიციპალური განვითარების ფონდს აღნიშნული პროექტებისთვის“, – აღნიშნა მერმა.

ავთანდილ თალაკვაძემ სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობასთან ერთად, სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლებასა და მოწესრიგებასაც ისაუბრა.

„სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობასთან ერთად, აქტიურად გრძელდება სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლება და მოწესრიგება.

კერძოდ, სკოლების რეაბილიტაციას ვიწყებთ შემდეგ სოფლებში, ესენია: ნაგომარი, გაღმა დვაბზუ, მერია, ცხემლისხიდი და ბაილეთი. შედეგად ბავშვებს, მომავალ თაობას, ასევე პედაგოგებს კომფორტული პირობები და თანამედროვე სკოლები ექნებათ.

გარდა ამისა, მინდა გაცნობოთ, რომ უკვე გამოცხადებულია ტენდერი და უახლოეს მომავალში ვიწყებთ 3 ახალი სკოლის მშენებლობას – ზემო ნატანებში, ანასეულში და მზიანში დაწყებითი კლასებისთვის“, – განაცხადა მერმა.

მსგავსი სტატიები