ოზურგეთის მერი ეკომეგობრული ტრანსპორტის მხარდაჭერის ინიციატივით გამოდის
„მოხარული ვარ, რომ ოზურგეთს უკვე ჰყავს თანამედროვე ტექნიკა სანაპიროების მოვლისა და დასუფთავებისთვის, ასევე, ახალი მანქანები ნარჩენების მართვისთვის, ხელშეკრულებაც ევრო 5 სტანდარტის ახალი ავტობუსების შემოყვანაზე უკვე გავაფორმეთ.
მაქსიმუმს ვაკეთებთ საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების და რეკრეაციული, მწვანე სივრცეების განვითარებისთვის, სადაც ჩვენს თანამოქალაქეებს – ბავშვებსა და უფროსებს დასვენება და თავისუფალი დროის გატარება კომფორტულ პირობებში შეეძლებათ.
მერისთვის გამოყოფილი ჯიპიც ავტოფარეხში გადაგვყავს და მხოლოდ რთულ რელიეფსა და კლიმატურ პირობებში გამოვიყენებთ.
მეც, როგორც მუნიციპალიტეტის მერი, ქალაქში გადაადგილებისთვის ეკომეგობრულ, ელექტრო მინი-ავტომობილს გამოვიყენებ. ძალიან მინდა ოზურგეთი ეკომეგობრული ქალაქი იყოს და ვიწვევთ ინვესტორებს, რომ ჩადონ ინვესტიცია და ჩვენთანაც დავნერგოთ ასეთი ტიპის ავტომობილები, რაც გარემოსათვის დამზოგველი, ახალი თაობისთვის, ჩვენი თანამოქალაქეების და სტუმრებისთვის კი უფრო ხელმისაწვდომი და მარტივი იქნება.“ – აღნიშნავს, ავთანდილ თალაკვაძე