ავთანდილ თალაკვაძე: ბენია ჩხიკვიშვილის მოღვაწეობა, ყოველთვის დარჩება საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის და პატრიოტიზმის ძლიერ მაგალითად
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში კინორეჟისორ ირაკლი მახარაძის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება შედგა, რომელიც „გურიის რესპუბლიკის“ პრეზიდენტის, ბენიამინ ჩხიკვიშვილის, ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება. ფილმის დასრულების შემდეგ კი ჭადრების ბაღში საზეიმოდ გაიხსნა მისი ბიუსტი.
„ოზურგეთში, განახლებულ ცენტრალურ მოედანზე, გამორჩეული საზოგადო მოღვაწის და ჩვენთვის საამაყო მამულიშვილის – ბენიამინ ჩხიკვიშვილის ძეგლი დაიდგა, რაც სიმბოლურად გამოხატავს მის “დაბრუნებას” გურიაში.
სახელმწიფო დრამატულ თეატრში, რომელსაც ფონდი “ქართუს” დაფინანსებით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა – დოკუმენტური ფილმის – „ბენია“ ჩვენება გაიმართა, რომელიც „გურიის რესპუბლიკის“ დამფუძნებელსა და საქართველოს პირველი პარლამენტის წევრზე – ბენიამინ ჩხიკვიშვილზე მოგვითხრობს.
მადლობას ვუხდით კინორეჟისორ ირაკლი მახარაძეს და კომპანია „პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორს ივანე ნაკაიძეს ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის დაფინანსებასა და განხორციელებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის. ბენია ჩხიკვიშვილის მოღვაწეობა ყოველთვის დარჩება საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის და პატრიოტიზმის ძლიერ მაგალითად,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და არაერთი სტუმარი დაესწრო.