ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში დღეს მერიის სხდომა გაიმართა
სხდომაზე ავთანდილ თალაკვაძემ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ვრცლად ისაუბრა. ოზურგეთის მერმა საზოგადოებას, ასევე მიაწოდა განახლებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა სტიქიურ მოვლენებზე რეაგირების ფარგლებში.
„ჭარბი ნალექის მოსვლის შედეგად განვითარებულმა მეწყერულმა პროცესებმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა მერიაში, კონჭკათში, თხინვალში, შრომაში, ნატანებში, ჯუმათში, სილაურში, დაბა ნასაკირალში, ძიმითსა და გურიანთაში დააზიანა საცხოვრებელი სახლები, საავტომობილო გზები, ხიდები. ქალაქ ოზურგეთში და დაბა ურეკში დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები. სამწუხაროდ, გვქონდა მსხვერპლი და ოზურგეთსა და ლანჩხუთში სტიქიამ სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა – მათ შორის ორი არასრულწლოვნის. კიდევ ერთხელ მინდა მთელი მერიის სახელით მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს. ყველანი დამწუხრებული ვართ მომხდარი ტრაგედიის გამო.
როგორც ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე აღნიშნა, სტიქიის შესახებ პირველივე შეტყობინებას მოყვა მყისიერი რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ოზურგეთის მერიის და მთავრობის ყველა პასუხისმგებელი სტრუქტურის მხრიდან. შეიქმნა სპეციალური შტაბი. კოორდინირებულად იმუშავეს „ენერგო-პრომ“, გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ და სოკარ ჯორჯია გაზმა.
„ჩვენი უპირველესი ამოცანა გახლდათ ადამიანების გადარჩენა და მათი უსაფრთხო ადგილებში გამოყვანა, შემდგომში კი სტიქიის შედეგების აღმოფხვრა, კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა და სტიქიის შედეგად გამოწვეული ზიანის შეფასება: ამ მიზნით მობილიზება გავუკეთეთ 35 ერთეულამდე მძიმე და სპეციალურ ტექნიკას; სტიქიის უშუალო ზონიდან გამოვიყვანეთ მოსახლეობა; დავიწყეთ მდინარეების ჩახერგილი კალაპოტებისა და საავტომობილო გზების გაწმენდა; მალევე დავიწყეთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა და სტიქიით გამოწვეული ზიანის აღწერა/შეფასება. სამუშაოები ახლაც აქტიურად მიმდინარეობს. დღეისათვის საგზაო მოძრაობა აღდგენილია შემდეგი ადმინიტრაციული ერთეულების დამაკავშირებელ გზებზე: ორმეთი-სუსკურა-კონჭკათი; კონჭკათი-განთიადი-ბაილეთი; ხვარბეთი-კონჭკათი; ზედუბანი-თხივნალი; სილაური-მამათი; ჯუმათი-ძირიჯუმათი,“- განაცხადა მერმა.
გარდა ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის დამაკავშირებელი გზებისა, სამუშაოები აქტიურად გრძელდება შიდა საუბნო გზების მოწესრიგების მიზნით. ათეულობით მიმართულებაზე გახსნილია მოსახლეობასთან მისასვლელი გზები.
შპს „სატისის“ მიერ ჯუმათში, ჩატარდა სტიქიის შედეგად დაზიანებული წყლის სათავე ნაგებობის აღდგენა-რეაბილიტაცია, „სატისის“ თანამშრომლების ინტენსიური მუშაობის შედეგად გაიწმინდა სატუმბი სადგური, აღდგენილია წყალმომარაგების დაზიანებული ქსელი. ასევე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ აღდგენილ იქნა ქალაქ ოზურგეთში დაზიანებული ქსელი და 186 აბონენტს აღუდგა წყალმომარაგება.