თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, ბათუმის მერიისა და სსიპ „ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის“ ორგანიზებით, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ ახალგაზრდული ფორუმი – „ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის“ გაიხსნა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა – გიორგი გახარიამ, ქ. თბილისის მერმა კახა კალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ – თორნიკე რიჟვაძემ . გამომსვლელებმა ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს და ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ ფორუმის ანგარიშის პრეზენტაცია წარმოადგინა და მის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ფორუმში 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოების ახალგაზრდა წევრები, მათ შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ქეთი ვასაძე, აგრეთვე, სტუდენტური თვითმმართველობების პრეზიდენტები ღებულობენ მონაწილეობას. ფორუმის მიზანი მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება, ახალგაზრდებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობაა. ახალგაზრდული ფორუმი – „ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის“, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციების მხარდაჭერით იმართება.