გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ზურაბ ნასარაიას ხელმძღვანელობით რეგიონში, კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც პრევენციული ზომები განიხილეს.
საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე კონკრეტული დავალებები მიიღეს, რეგიონის მასშტაბით სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შესახებ.
აღინიშნა, რომ რეგიონში სადეზინფექციო სამუშაოები დღესვე დაიწყება და ეტაპობრივად ყველა აუცილებელ ლოკაციას მოიცავს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საჭიროების შემთხვევაში საკარანტინო სივრცეების გამოყოფის საკითხიც.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გურიაში, ორი კვირის განმავლობაში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებები აღარ ჩატარდება.
საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფში შედიან სახელმწიფო რწმუნებული, რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის დირექტორები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გურიის განყოფილებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ