ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ორგანიზებით, წვერმაღალას პარკში, აგრო – ტურისტული ფესტივალი „ჩაის გზა” ჩატარდა.
ფესტივალის მიზანია ადგილობრივი წარმოების და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია.
წვერმაღალას პარკში, წარმოდგენილი იყო გურიის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების: ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქცია: თაფლი, მშრალი ხილი, ღვინო, არაყი, თევზისა და ყურძნის ნაწარმი.
სტუმრებისათვის მოეწყო გამოფენა-გაყიდვა და სადეგუსტაციო სივრცე, ტურიზმით დაინტერესებული პირებისათვის კი გურიის ტურისტული პოტენციალის ამსახველი კუთხეები: „ჩაის გზა,“ „ჩხავერის ისტორია,“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მდებარე ღირსშესანიშნავი ტურისტული ადგილების ფოტოგამოფენა.
ფოლკლორული ჯგუფების მიერ შესრულდა გამორჩეული გურული სიმღერები.
აღსანიშნავია, რომ „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით შეტანილი წვლილისთვის და მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების მხარდაჭერისთვის“ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, ალეკო მამეშვილი მადლობის სიგელით დაჯილდოვდა.
ფესტივალმა ბევრ საპატიო სტუმარს უმასპინძლა, მათ შორის იყვნენ: საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – მისი აღმატებულება ბატონი იმამურა აკირა, საქართველოში „გაეროს განვითარების პროგრამის“ მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძე; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ხატია წილოსანი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
ფესტივალი „ჩაის გზის“ მხარდამჭერია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
მსგავსი სტატიები