ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ მომზადებული პროექტით იაპონიის საელჩოს „ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის“ გამარჯვებული გახდა.
შედეგად იაპონიის საელჩოს დაფინანსებითა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ოზურგეთის მერიას გადმოეცა 57,329 დოლარის ღირებულების მცირეგაბარიტიანი ნარჩენების შესაგროვებელი მანქანა და პლასტმასის შეგროვებისთვის განკუთვნილო ურნები, რაც დაეხმარება ქალაქს გადავიდეს ნარჩენების სეპარირებაზე და მისი მართვის უფრო მდგრად მოდელზე.
ღონისძიებას საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – იმამურა აკირა, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძე; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ხატია წილოსანი; აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე ესწრებოდნენ.
იაპონიის საელჩოს „ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა“ დახმარებას უწევს მცირემასშტაბიან პროექტებს საქართველოში შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და სიღარიბის დაძლევა, რომელსაც იაპონიის მთავრობა, იაპონელი ხალხის კეთილი ნებით აფინანსებს.
ნარჩენების შესაგროვებელი მანქანა და პლასტმასის შეგროვებისთვის განკუთვნილო ურნები, დღეს, სარგებლობაში ა.(ა).ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრს“ გადაეცა.