ოზურგეთში, სოფელ თხინვალში 150 ბავშვი სწავლას ახალ სკოლაში განაგრძობს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ თხინვალის საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლდა წყლისა და წყალარინების, სახანძრო, გათბობის, ელექტრომომარაგების და ვენტილაციის სისტემები. პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსდა.
განახლებული სკოლა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი ციბაძემ, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა მოინახულეს.
„წინა წლებში, აქ სწავლისთვის უკიდურესად რთული პირობები იყო, დღეს კი სოფელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აქვს, ახალი საკლასო სივრცეებით, სპორტული ინფრასტრუქტურით და სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებული პირობებით. ოზურგეთში, განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, წელს კიდევ ვგეგმავთ სკოლების განახლებას და რეაბილიტაციას“ – აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.