ოზურგეთის ტექნოპარკში პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO.Georgia“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე პროექტ „ECO.Georgia“-ს დირექტორმა ლუც იარჩინსკმა და ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენელმა პაპუნა კაპანაძემ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს და მოწვეულ სტუმრებს პროექტის შესახებ ზოგადი ინფორმაცია მიაწოდეს, მოხდა პროექტში ჩართული მხარეების გაცნობა და დაიგეგმა სამომავლო კოორდინაციული მუშაობა.
პროექტის მთავარი მიზნებია: საქართველოში სატყეო სექტორის მხარდაჭერა, კლიმატის ცვლილების შერბილებასა და მიმდინარე სატყეო რეფორმის განხორციელებაში წვლილის შეტანა. პროექტი ტყის აღდგენის, ტყის კარგვის შემცირების, ტყის მდგრადი მართვისა და კონსერვაციის გზით ხელს შეუწყობს ტყის ნახშირბადის მარაგების გაზრდას, ასევე, დაეხმარება ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავისთვის ბაზრის განვითარებას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაზრდას ტყის მდგრად მართვაში ცნობიერების ამაღლების, პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისა და შესაბამისი პოლიტიკისა და რეგულაციების მეშვეობით.
შეხვედრას, ოზურგეთის მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ხე-ტყის დამამზადებელი საწარმოების წარმომადგენლები, ენერგოეფექტური ღუმელების მწარმოებლები და არამერქნული რესურსების მწარმოებლები ესწრებოდნენ.
პროექტი თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, შვეიცარიის კონფედერაციისა და საქართველოს მთავრობების მიერ. აღნიშნული შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ერთად.
მსგავსი სტატიები