ოზურგეთში წვდომა მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე და ცოდნა ციფრული ტექნოლოგიების შესახებ – ფართოვდება.
ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, კომუნიკაციების კომისიის წევრს ნათია კუკულაძეს, Log-in Georgia-ს პროექტის ხელმძღვანელს შარლზ ჰარპის, მსოფლიო ბანკის მისიისა და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
„დღეს, კომუნიკაციების კომისიისა და მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გვქონდა, სადაც ვისაუბრეთ Log-in Georgia-ს პროექტზე – ციფრული უნარების განვითარებასა და სერვისების გამოყენების ხელშეწყობაზე. ჩვენს თანამოქალაქეებს ციფრული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, სპეციალური საინფორმაციო პროგრამის საშუალებით მეტ ინფორმაციას მივაწვდით, რათა ყველამ შეძლოს ელექტრონული სერვისებით სარგებლობა ჯანდაცვის, კომერციის, მეწარმეობის, განათლებისა და ტურიზმის მიმართულებით,“- აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.
როგორც Log-in Georgia-ს პროექტის ხელმძღვანელმა შარლზ ჰარპმა განაცხადა, საქართველოსთვის აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს შეუწყობს ინტერნეტის განვითარებას, რითაც სოფლისა და ქალაქის მოსახლეობას შორის ციფრული შესაძლებლობების სხვაობა შემცირდება. პროექტის შედეგად, გაიზრდება მოსახლეობის ჩართულობა, რაც რეგიონში ეკონომიკის განვითარებას კიდევ უფრო დაეხმარება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი პირველად, სწორედ ჩვენს მუნიციპალიტეტში განხორციელდა და აშენდა 140 კმ. ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა. შედეგად, 49 დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ 29 ათასამდე მოსახლეს მაღალსიჩქარიან, ფართოზოლოვან ინტერნეტზე აქვს წვდომა.