სასტუმრო „ბილტმორში” საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ეროვნული კონფერენცია – ,,გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები’’ გამართა.
ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და სამომავლო სამოქმედო ნაბიჯებზე იმსჯელეს.
კონფერენციას ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მარიკა ჩხიკვიშვილი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების დასასრულს, თვითმმართველობების ხელმძღვანელმა პირებმა, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდასაჭერად, ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.
ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდაჭერა პროექტის – „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში” ნაწილია, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს.
თანამშრომლობა მოიცავს 64 მუნიციპალიტეტისთვის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მხარდაჭერას, „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ’’ ევროპის ქარტიის ადვოკატირებასა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა შესაძლებლობების გაძლიერებას გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე.