გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, ქალაქ ოზურგეთში, „ლაითურის ჩაის საექსპერიმენტო კომპანიის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ჩაის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერეს და წარმოების პროცესს გაეცნენ.
„ლაითურის ჩაის საექსპერიმენტო კომპანიამ“, საწარმოს შესაქმნელად, 500,000 ლარიანი ინვესტიცია განახორციელა. აქედან, 155,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. კომპანია „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის“ ბენეფიციარიცაა და 28 ჰა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის სახელწიფო გრანტი 52,000 ლარის ოდენობით აქვს მიღებული.
საწარმო სეზონზე 65 ტონა ჩაის ფოთოლს გადაამუშავებს. პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. გადამმუშავებელ საწარმოში, სეზონურად, 10 ადამიანია დასაქმებული. კომპანიაში, მიმდინარე წელს, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი – HACCP დაინერგა.
სახელმწიფოს დახმარებით, საქართველოს მასშტაბით, ჩაის წარმოების მიმართულებით 8,555,127 ლარის ღირებულების 42 სესხია გაცემული, მათ შორის, გურიის რეგიონში 6,083,890 ლარის ღირებულების 22 სესხია გაცემული. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.