ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალა-ბოხვაურში მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი გაიხსნა. საზეიმო წირვა-ლოცვა ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა აღავლინა.
„ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, ჭალის წმ. მიქაელის სახელობის ტაძრის აღდგენა – რესტავრაცია დასრულდა. ეკლესია XIX საუკუნით თარიღდება და მისი ნაშთები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.
ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი საქველმოქმედო ფონდს და ბატონ ბიძინა ივანიშვილს უნიკალური ტაძრის აღდგენისთვის!“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
ღონისძიება ფოლკლორის ცენტრში ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტით გაგრძელდა, რომელსაც დაესწრნენ ფონდ „ქართუს“ დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები.