თავისუფლების საპარლამენტო ორდენი თაყაიშვილის მუზეუმს გადასცეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, მოადგილესთან არჩილ თალაკვაძესთან, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთში ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმი მოინახულა.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ექვთიმე თაყაიშვილს თავისუფლების საპარლამენტო ორდენი მიანიჭა, რომელიც შალვა პაპუაშვილმა ოზურგეთში, ექვთიმეს მშობლიურ სოფელ ლიხაურში თავად ჩამოიტანა და მუზეუმს გადასცა. ექვთიმეს მოღვაწეობა ყოველთვის დარჩება სამშობლოს უანგარო სიყვარულის და პატრიოტიზმის ძლიერ მაგალითად, რომელიც მომავალშიც არაერთ თაობას გამოადგება,“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

შალვა პაპუაშვილის 2023 წლის 25 მაისის ბრძანებით, პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე კარლო ჩხეიძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე, თავმჯდომარის მოადგილეები ექვთიმე თაყაიშვილი და სვიმონ მდივანი სიკვდილის შემდეგ თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დააჯილდოვდნენ, მათ მიერ პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

მათი ხელმძღვანელობით ფუნქციონირებდა საქართველოს პირველი საკანონმდებლო ორგანო (დამფუძნებელი კრება), რომელმაც 1921 წელს საქართველოს პირველი კონსტიტუცია მიიღო.

მსგავსი სტატიები