ნარუჯის სკოლა ეკოსკოლების პროგრამის გამარჯვებულია

დაბა ნარუჯის საჯარო სკოლა „ეკოსკოლების საერთაშორისო პროგრამის“ გამარჯვებული და მწვანე დროშის მფლობელია.

ნარუჯის საჯარო სკოლამ წარმატებით გაიარა სხვადასხვა ეტაპი, მათ შორის, ბიომრავალფეროვნებისა და მყარი ნარჩენების მიმართულებით. ეს არის პირველი, წარმატებული შედეგი და შესაძლებლობა, საქართველო გაჩნდეს ეკოსკოლების მსოფლიო რუკაზე, სადაც აღნიშნულ პროგრამაში გაერთიანებული, გარემოსდაცვითი განათლების ფონდის 80-ზე მეტი წევრი ქვეყანა არის წარმოდგენილი.

დღეს, ოზურგეთის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ, სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული გარემოსდაცვითი ნამუშევრები დაათვალიერა და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა.

მდგრადი განვითარების ხელშემწყობი საგანმანათლებლო პროექტი ხელს უწყობს გარემოსდაცვითი თემების შესწავლას სკოლაში და მის გარეთ – აქტიური ქმედებების, დაკვირვების და კვლევის გზით. UNESCO-ს და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მხარდაჭერით, ეკოსკოლა არის წამახალისებელი მექანიზმი, რომელიც დაკავშირებულია 2015-2030 წლების მდგრადი განვითარების მიზნებთან და აღიარებულია მთელს მსოფლიოში.

პროგრამა ინერგება ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT) მიერ, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით.

მსგავსი სტატიები