ოზურგეთის მერის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, სოფელ წითელმთაში ადგილობრივ მეწარმეს, ლიკა მეგრელაძეს ესტუმრა და საოჯახო სასტუმრო სახლი – „კომლი“ დაათვალიერა.
„კომლი“ ჩაის ბაღს, კასრსა და ნალიას ნომრებად, ბამბუკის ტყეს, ეზოში მდინარე კიკვატაზე ნავით გასეირნებას და საკუთარი ხელით მომზადების აგროტურისტულ სერვისს მოიცავს. როგორც ლიკა მეგრელაძე აღნიშნავს, ის ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს, რომელთაც განსაკუთრებით ხიბლავთ ჩაის კრეფისა და დამუშავების პროცესში საკუთარი წვლილის შეტანა.
მერის მოადგილემ, სოფელ ნაგომარში მდებარე, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ჩაის გადამამუშავებელი საწარმო – „გურულები“ დაათვალიერა და წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო.
საწარმოში სამი სახეობის – შავი, მწვანე და მოცვის ჩაის რეალიზაცია მიმდინარეობს. დასაქმებულია 50-მდე ადგილობრივი ქალი. „გურულები“ – „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა და სარგებლობს, სოფლის განვითარების სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტით.
გიორგი ღურჯუმელიძემ მეწარმეებისგან მოისმინა არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია და მათ ხელისუფლების მიერ ინიცირებულ იმ პროგრამებზე და შეღავათებზე ესაუბრა, რომელთა საშუალებითაც ბიზნესის კიდევ უფრო მეტად გაფართოებას შეძლებენ.