ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე მეხანძრე – მაშველებს, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებს სწრაფი და ოპერატიული რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა და უწყებების კოორდინირებული საქმიანობის შედეგებზე ისაუბრა.
„ამ რთულ დღეებში, გმირობის მაგალითი აჩვენეს მეხანძრე-მაშველებმა და მინდა მთელს შემადგენლობას მადლობა გადავუხადო ამისათვის. ეფექტურად იმუშავეს პოლიციამ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და მისმა კონტრაქტორმა სამშენებლო კომპანიებმა. დიდი სამუშაო გასწიეს გეოლოგებმა, რომელთაც ასეულობით სახლი და ლოკაცია შეამოწმეს. მნიშვნელოვანი იყო სწრაფი, 24 საათიანი კოორდინაცია, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ უზრუნველყო. პროცესში აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში. ამ სამსახურების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა სტიქიასთან გამკლავება. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს – ყველა სამსახურს, ვინც ჩართული იყო და 24 საათის განმავლობაში მუშაობდა სტიქიის დროს ადამიანების დასახმარებლად. თქვენი შრომა და თავდადება აღსანიშნავია და მადლობას გიხდით ამისათვის,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა.
მისი თქმით სტიქიამ დიდი ტკივილი და ზარალი მიაყენა გურიას, თუმცა განსაცდელმა ყველანი გააერთიანა.
„მჯერა ერთად აღვადგენთ დანგრეულს და იმ ოჯახებს, რომელთაც ძვირფასი ადამიანები დაკარგეს, რომელთაც საცხოვრისი დაკარგეს, ერთად ვანუგეშებთ და დავეხმარებით ნორმალური პირობების შექმნაში. ვრჩებით ხაზზე ჩვენს თანამოქალაქეებთან და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ არსებული პრობლემები გონივრულ ვადებში გადავჭრათ,“- აღნიშნავს ავთანდილ თალაკვაძე.