დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთისა და ცხინვალის ომების მონაწილის ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 17 წელი გავიდა.
ეროვნული გმირის საფლავთან დღეს მისი ოჯახის წევრები და სამხედრო მოსამსახურეები შეიკრიბნენ.
ზაზა დამენიას საფლავი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ და მერიის კულტურის განყოფილების უფროსმა, მაიზერ ცელაძემ ყვავილებით შეამკეს.
„დღეს, ზაზა დამენიას გარდაცვალების დღეა. ჩვენ პატივი მივაგეთ დაღუპული გმირის ხსოვნას. ჩემთვის, როგორც თითოეული ქართველისთვის მისი გმირობა შეუფასებელია, მისი თავდადება კი – სამაგალითო. ეს არის მაგალითი თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო.“- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ.
ზაზა დამენია 2004 წლის 16 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში, საბრძოლო მოქმედებებს შეეწირა. „კომანდოს“ ბატალიონის კაპრალმა საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა.
ზაზა სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას გადაეფარა და სამი თანამებრძოლის სიცოცხლე გადაარჩინა.
„სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის,“ 2004 წლის 26 აგვისტოს, ზაზა დამენიას ეროვნული გმირის უმაღლესი სახელმწიფო წოდება მიენიჭა.